საქართველოს კანონი

რეკლამის შესახებ

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ

 

საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო

 

1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა.

3. კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.

4. კანონი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქმედება რეკლამის სფეროში იწვევს (შეიძლება გამოიწვიოს) შესაბამის უარყოფით შედეგებს (კონკურენციის შეზღუდვა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანა) საქართველოს ტერიტორიაზე.

5. კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე.

6. კანონი არ ვრცელდება ფიზიკურ პირთა იმ განცხადებებზე, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან.

7. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სასაქონლო ნიშნით გაფორმებულ მოხმარების საგნებსა და ვაჭრობის ხელშემწყობ მოწყობილობებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №462 - სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.84

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №860 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.

 



 

სარეკლამო ბანერი





2021 ყველა უფლება დაცულია

Write Close